არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაბინავებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, - „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 15-მა საწარმომ 40 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 12 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. სახელმწიფო სუბსიდია 4 მლნ ლარზე მეტია. პროგრამის ფარგლებში, ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში. სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს.