ვის აღუდგება 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა - დღეს საკითხზე განმარტებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ. რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას - გორდულაძის განმარტებით, პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი. დეპუტატის განცხადებით, მართვის მოწმობა არ აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა.