არჩილ გორდულაძე - ქალბატონი კალასის, კოსების და სხვა არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება, სიმართლის გაჟღერება - ფეხქვეშ გათელილი უნდა იყოს სიმართლე და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ - Palitra News

არჩილ გორდულაძე - ქალბატონი კალასის, კოსების და სხვა არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება, სიმართლის გაჟღერება - ფეხქვეშ გათელილი უნდა იყოს სიმართლე და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ

2025-12-17 11:17:37+04:00

ქალბატონი კაია კალასის, კოსების და სხვა არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება, სიმართლის გაჟღერება - ფეხქვეშ გათელილი უნდა იყოს სიმართლე და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით აშშ არ ცდილობს, ევროკავშირს შეუერთდეს.

მისი თქმით, ამერიკას ამას ვერ უბედავენ მისი სიძლიერიდან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებაში კი, მსგავსი განცხადებების გაკეთება უმარტივდებათ, რადგან თვლიან, რომ საქართველო დაბალი ღობეა.

“ქალბატონი კაია კალასის, კოსების და სხვა არარჩეული ბიუროკრატების პოზიციაა, რომ არ შეიძლება, სიმართლის გაჟღერება - ფეხქვეშ გათელილი უნდა იყოს სიმართლე და მხოლოდ ის არის ჭეშმარიტება, რასაც ევრობიუროკრატები გადაწყვეტენ. ამერიკას ამას ვერ უბედავენ მისი სიძლიერიდან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებაში კი, მსგავსი განცხადებების გაკეთება უმარტივდებათ, რადგან თვლიან, რომ ჩვენ დაბალი ღობე ვართ - ძალიან ცდებიან, რადგან საქართველო დაბალი ღობე არ არის და ყოველთვის იტყვის, როდის არის ჭეშმარიტება და სიცრუეს ყოველთვის ამხელს. ევრობიუროკრატებისგან და მათი უკან მყოფი ძალებისგან სწორედ ამიტომ არის მცდელობები, რომ ქართველი ხალხის დაშანტაჟება მოხდეს”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, გორდულაძემ ისაუბრა ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებზე და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს და დებატებს ტყუილი, სიცრუე და ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის მცდელობების მოტივი გასდევს.

“ევროპარლამენტის რეზოლუციების და დებატების რაოდენობა უკვე იმდენია, რომ სათვალავიც აგვერია, თუმცა თითოეულ მათგანს ერთი ნაწილი გასდევს მოტივად - ტყუილი, სიცრუე და ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის მცდელობები იმ პირების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ მართულები არიან. ახლაც ვნახავთ, რომ დებატები გაიმართება სულ რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით უშველებელ დარბაზში, სადაც არავინ არაფერს არ მოუსმენს და მხოლოდ განცხადებები გაკეთდება იმისთვის, რომ “ნაცმოძრაობის” მართულმა ტელევიზიებმა, ონლაინ მედიებმა და პირებმა გააკეთონ განცხადებები და რამდენიმედღიანი შოუ დადგა” , - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი იმ რიტორიკის პირობებში, რომელსაც იგი იყენებს ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ. ახლა მსგავსი ნარატივები აისახება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონის რიტორიკა ახლა თითქოს თბილისის პოლიტიკასთან თანხვედრაშია? მზად ხართ თუ არა, დაადანაშაულოთ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის მიერ ნაკარნახევი სცენარის შესრულებაში, თუ ეს თქვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტს ავლენს საქართველოს მიმართ?“, რაზეც კალასმა განმარტა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აშშ არ ცდილობს ევროკავშირში შესვლას.

„განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირს შემოერთდეს. რა თქმა უნდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წავიკითხეთ, სასიამოვნო არ წასაკითხი არ არის, თუმცა ჩვენ მივიღეთ მიდგომა, რომ არ ჩავერევით ჩვენი მოკავშირეების შიდა პოლიტიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ერთი მხრივ, საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული გზის არჩევა, ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის სიგნალი მთავრობისთვის, რომ ვიდრე გააგრძელებენ ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება“, - აღნიშნა კაია კალასმა.