პარლამენტმა მესამე - საბოლოო მოსმენით, ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი დაამტკიცა.
ახალი საარჩევნო კანონმდებლობის ავტორები და ინიციატორები არიან: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ წარდგენილი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოში გაიმართება.
ამავე პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება როგორც საპარლამენტო, ასევე მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრები წარადგინონ. უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფებს ექნება.
ზუსტდება საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღების წესები – მესამე მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს ფოტოგადაღება აუდიომონიტორინგის გარეშე შეეძლება.
იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები - კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა აეკრძალება, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას განახორციელებს.
გარდა ამისა, მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. კერძოდ, სააღრიცხვო ბარათი წარსადგენი აღარ იქნება. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. კანონის პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.
ამავე პროექტით, საარჩევნო კომისიის წევრობა სისხლის სამართლის წესით ნასამართლევ ისეთ პირსაც აეკრძალება, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა.