არიან კონკრეტული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, რომელთაც შეუძლიათ ევროპიდან მოსკოვში გადაფრინდნენ, ჩვენ აქ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ეს შესაბამისი ქვეყნების საქმეა, მაგრამ ორმაგი სტანდარტები ძალიან ცუდია, რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ვხედავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „სამარცხვინოა, ის ორმაგი მიდგომები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ავლენს“.
„სრული ლუსტრაცია ხდება, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, პირდაპირ, უკვე ევროპული ბიუროკრატია ითხოვს სანქციებთან მიერთებას, მანამდე ამაზე საუბარს მაქსიმალურად ერიდებოდნენ, მერე შემოაპარეს ევროპარლამენტის რეზოლუციიდან და ახლა უკვე აღმასრულებელი შტოც ითხოვს სანქციებთან მიერთებას. მინდა შეგახსენოთ, თავის დროზე, 2022 წელს, მარტივი გაანგარიშება გავაკეთეთ და ვნახეთ, რომ ეკონომიკის მინიმუმ, 10%-იან ვარდნას გამოიწვევდა სანქციებთან მიერთება. ბუნებრივია, ამის არავითარი მიზანშეწონილობა არ არსებობდა, შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესების შესაბამისად მივიღეთ. მოგვიანებით, რადიკალური ოპოზიციაც გაემიჯნა ამ მოთხოვნას, ისინი ამბობდნენ, რომ არასდროს მოუთხოვიათ თითქოს, სანქციებთან მიერთება, სინამდვილეში, სხვა პროცესებს ჰქონდა ადგილი. ახლა უკვე აღმასრულებელი შტო პირდაპირ ითხოვს სანქციებთან მიერთებას, რაც ყველაფრის სრული ლუსტრაციაა. აქვე მინდა შეგახსენოთ, არავის, არცერთხელ, ევროპული ბიუროკრატიიდან არ დაუყენებია იგივე მოთხოვნა მაგალითად, მოლდოვის, სომხეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ. აქაც ჩანს ორმაგი სტანდარტები, აქ მაინც ვერ იტყვის ქალბატონი კალასი, რომ მოლდოვას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რა თქმა უნდა, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები. არიან კონკრეტული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, რომელთაც შეუძლიათ ევროპიდან გადაფრინდნენ მოსკოვში, ჩვენ აქ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ეს შესაბამისი ქვეყნების საქმეა, მაგრამ ორმაგი სტანდარტებია ძალიან ცუდი, რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ვხედავთ. ერთ შემთხვევაში, ერთი რამ შეიძლება იყოს მოსაწონი და მეორე შემთხვევაში, 10-ჯერ ნაკლებ მოცემულობას შეიძლება ჰქონდეს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, ის ორმაგი მიდგომები, რომელსაც ავლენს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა კობახიძემ.