თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება, - ამის შესახებ დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ დაკავებულ თორნიკე თოშხუასთან და მინდია შერვაშიძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთაც მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.
დაზარალებული ბექა გოცირიძე სასამართლოში დღეს დაიკითხა.
მან დეტალურად გაიხსენა 2024 წლის 31 ივლისს მომხდარი ფაქტი. როგორც ის განმარტავს, რუსთაველზე ფეხით მიდიოდა, რა დროსაც შელაპარაკება მოუვიდა კონკრეტულ პირებთან.
„ერთ-ერთმა, ვისთანაც შელაპარაკება მომივიდა, მითხრა, რატომ იღებო, მომივიდა კონფლიქტი... ტელეფონი მეკავა ხელში... ყველა იმ მყოფთან მომივიდა ჩხუბი, 25 კაცს ვეჩხუბებოდი მარტო...დამესივნენ...მოგვივიდა ჩხუბი... არაფერი რა... მარტო მინდია და გიორგი ხომ არ არიან, 25 კაცი მეჩხუბებოდა", - განაცხადა გოცირიძემ.
ადვოკატ ომარ ფურცელაძის კითხვაზე, განცდილი ტკივილი იყო თუ არა ძლიერი, გოცირიძემ უარყოფითი პასუხი გასცა.
"არა, ეგეთი არ ყოფილა... ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა, ბატონო მოსამართლე... მეც მოვიქნიე...მეც ვჩხუბობდი", - განაცხადა გოცირიძემ.
კითხვაზე, პრეტენზია თუ აქვს ბრალდებულების მიმართ, ან სურს თუ არა მათი პატიმრობა, გოცირიძემ უარყოფითი პასუხი გასცა. ამასთან, კითხვაზე, თუკი, ისინი გარეთ იქნებიან, შიშის განცდა ექნება თუ არა, დაზარალებულმა უპასუხა, რომ არა.
ცნობისთვის, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათ ბექა გოცირიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.