BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თემა არ ამოიწურება მანამ, სანამ ის ადამიანები არ იქნებიან დასჯილი, რომლებმაც რეალურად მიიღეს გადაწყვეტილება და მონაწილეობა იმ არაკანონიერ სპეციალურ მოქმედებებში, რომლითაც დაიშალა მიტინგები, - ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია „საერთაშორისო გამოძიება იყოს ნაწარმოები“.
„ეს თემა არ ამოიწურება მანამ, სანამ ის ადამიანები არ იქნებიან დასჯილი, რომლებმაც რეალურად მიიღეს გადაწყვეტილება, მონაწილეობა იმ არანორმირებულ, არასწორ, არაკანონიერ სპეციალურ მოქმედებებში, რომლითაც დაიშალა ის მიტინგები. დარწმუნებული ვარ, რომ სუს-ის გამოძიება არ იყო სრულფასოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ყველა ისრის გადატანა უნდათ იმ ადამიანებზე, ვინც ფილმში მონაწილეობდა.
სინამდვილეში, არაფერი გამოიძიეს. სინამდვილეში, არავითარი ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს. თუ რეალური სურვილი არსებობდა, რომ ამ საქმეში სიცხადე ყოფილიყო, პირველივე დღიდან ვთქვით და ახლაც გავიმეორებ, არსებობს ორი გზა: ერთი გზა საპარლამენტო კომისიაა ნორმალურ ქვეყანაში, ოღონდ ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალურ ვითარებაში, სამწუხაროდ, არ ვართ. ჩვენი პარლამენტი არალეგიტიმურად არის დაკომპლექტებული. შეუძლებელია იქ რაიმე კომისიის საქმიანობა. ამიტომ, ამ ნაწილის ისედაც არ მჯეროდა და სულ ვამბობდი, რომ ეს გზა არსებობს ნორმალურ ქვეყანაში.
მეორე გზაა, რომ არსებობდეს ნდობა. სამართალდამცავები არიან სავარაუდო ბრალდებულები. საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, რომ როდესაც ერთმა სამართალდაცვამა ორგანომ მეორეს საქმე უნდა გამოიძიოს, აქ მნიშვნელოვანია ან საპარლამენტო კომისია ჩაერთოს ან საერთაშორისო გამოძიება იყოს ნაწარმოები.
არცერთი მდგენელი არ შეიძლება ექვემდებარებოდეს გრიფით „საიდუმლოს“. სანამ ეს ღიაობა არ იქნება უზრუნველყოფილი, ვერავითარი გამოძიება ნდომას ვერ დაიმსახურებს ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
გარდა ამისა, დათუნაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილ დასკვნას და აღნიშნა, რომ „ყველა სტრუქტურას, რომელიც სიმართლეზე დაყრდნობით ადგენს ანგარიშებს, დემოკრატიული უკუსვლა შეუიარაღებელი თვალითაც შეუძლია დაინახოს საქართველოში“.
„ყველა ის სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია სტანდარტი და სიმართლეზე დაყრდნობით ადგენს ანგარიშებს, ემპირიულ-მეცნიერული მეთოდებით, ყველას შეუძლია შეუიარაღებელი თვალითაც დაინახოს საქართველოში, განსაკუთრებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში; ის უმძიმესი უკუსვლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობს და კონსტიტუციური წყობისა და წესრიგის მხრივ, რომლის მომსწრენიც ვართ. ეს ყველაფერი ხდება არ რაიმე შეფარული ფორმებით, არამედ კანონებში ცვლილებების შეტანით. ასევე, ისეთი ნორმების დადგენა კანონებში, რომელიც ეწინააღმდეგება არათუ საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების დაცვისა, არამედ საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, არაფერი უცნაური ამ შეფასებებში არ არის. ის, რომ საქართველოზე ჯერ კიდევ არსებობს ინტერესი და გვაფასებენ, ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის ევროკავშირს წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ევროკავშირს ადარდებს კანდიდატ ქვეყნებში როგორ არის იმ ფასეულობების და მთავარი პრინციპების მდგომარეობა, რომლის გარშემოც არის შექმნილი ეს კავშირი. ეს სტრუქტურები ვალდებულები არიან, რომ ობიექტურად შეაფასონ ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება“,- განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.