ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ეს ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაჟურნალისტებთან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, „ეს არის საქართველოსთვის ბიძგის მიცემა, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან და ამ ესკალაციის ბოლოს რომ სამხედრო დაპირისპირებაა, ამას ამ განცხადების ავტორები ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, ან მავნებლები არიან და ისეთი ესკალაციისკენ გვიბიძგებენ, რომლის ბოლოშიც ომია“.
„გუშინ ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ეს ტექსტი, რომელშიც დოკუმენტირებულად ვნახეთ მოთხოვნა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ნახეთ, რომ ამ ჩავარდნილი პროექტით მოითხოვდნენ სრულ თანხვედრას რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. სრული თანხვედრა კი ნიშნავს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და ბელარუსისთვის - ამას მოითხოვს დღეს ბრიუსელი. ამაზე ვსაუბრობთ სამი წელია. ზუსტად ეს იყო, რასაც სხვა ყველაფერთან ერთად, დახურულ კარს მიღმა ითხოვდნენ და გარეთ არ საუბრობდნენ. შარშან ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა პირველად, ახლა დანიის განცხადებაში ვნახეთ ეს ჩანაწერი. ეს არის საქართველოსთვის ბიძგის მიცემა, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან და ამ ესკალაციის ბოლოს რომ სამხედრო დაპირისპირებაა, ამას ამ განცხადების ავტორები ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, ან მავნებლები არიან და ისეთი ესკალაციისკენ გვიბიძგებენ, რომლის ბოლოშიც ომია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც „ე.წ უსამართლოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებაზეა საუბარი, არასდროს არ ამბობენ ვის გულისხმობენ“.
„როცა საუბარია ე.წ უსამართლოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებაზე, დააკვირდით, რომ არცერთ განცხადებაში არ ამბობენ ვის გულისხმობენ. ვინ არიან უსამართლოდ დაკავებულები, რატომ არ ამბობენ? უჩა აბაშიძე? ეს არის მათი მორალი. მათი მორალია, რომ ადამიანი საკუთარ ცოლს ყიდდა და სექსუალურ ექსპლუატაციას აკეთებდა სხვების დასაშანტაჟებლად - ამ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს დღეს ბრიუსელი. ეს არის მათი მორალური დეგრადაციის დონე, როცა უჩა აბაშიძის გათავისუფლებას ითხოვენ... ვისზე [საუბრობს] პაატა ბურჭულაძეზე? ადამიანი, რომელიც რომ არა უსაფრთხოების სამსახურების, შსს-ს და სხვა სამსახურების მუშაობა, დღეს რა სიტუაცია გვექნებოდა საქართველოში კაციშვილმა არ იცის და ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას? მის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი? ეს არის მათი მორალი? ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს აორგანიზებს და აწყობს, ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ, ეს არის მათი მორალი?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საბჭო აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელaრუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ - როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად. საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით.