საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა - Palitra News

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

2025-12-18 14:54:34+04:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გუშინ გაიმართა, სადაც ითქვა, რომ სებ-ის მოლოდინების შესაბამისად, ინფლაციის ტემპმა ნორმალიზაცია დაიწყო და ნოემბრის მდგომარეობით 4.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად, მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორებში ვლინდება. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ, რომელიც მაღალი მერყეობით გამორჩეული სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი შეადგინა. ასევე, მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.6 პროცენტის ფარგლებშია მომსახურების ინფლაცია. მიმდინარე, მიზნობრივ 3 პროცენტზე მაღალ ინფლაციას კვლავ სურსათის ფასები განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და გარე ფაქტორების ასახვაა. ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა ექნება და მისი ეფექტები ეტაპობრივად ამოიწურება. ამავდროულად, მთლიანი მოთხოვნაც, მოლოდინების შესაბამისად, ეტაპობრივად უბრუნდება გრძელვადიან ტრენდს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტი იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და წლიურად საშუალოდ 3.5 პროცენტს გაუტოლდება. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა.