ყაზახურმა Freedom Bank-მა ქვეყნის ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების სააგენტოსგან, საქართველოში შვილობილი ბანკის გახსნის ნებართვა მიიღო - Palitra News

ყაზახურმა Freedom Bank-მა ქვეყნის ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების სააგენტოსგან, საქართველოში შვილობილი ბანკის გახსნის ნებართვა მიიღო

2025-12-18 15:08:47+04:00

ყაზახურმა Freedom Bank-მა ქვეყნის ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების სააგენტოსგან, საქართველოში შვილობილი ბანკის გახსნის ნებართვა მიიღო. შემდეგი ნაბიჯი კი, როგორც ბანკის პრესსამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ლიცენზიის მიღებაზე მიმართვა იქნება. პირველ ეტაპზე საუბარია ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებაზე, შემდეგი ნაბიჯი კი კომერციულ ბანკად გარდაქმნა იქნება. ეროვნულ ბანკში ადასტურებენ, რომ ყაზახურ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს ლიცენზიის მისაღებად საჭირო წინასწარი განხილვები. ცნობილია ისიც, რომ ყაზახური ბანკი საქართველოს ბაზარზე „Freedom Bank Georgia-ს„ სახელით შემოდის. Freedom Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი დიჯიტალიზაციისა და გახსნილობის მაღალ დონეს აჩვენებს, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულს ხდის. თავის მხრივ კი ყაზახური ბანკი საქართველოში თანამედროვე საბანკო მომსახურების განვითარებას აპირებს. საზოგადოებრივი სერვისების ციფრული ტრანსპოფრმაცია რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ჩვენ საბანკო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია გვჭირდება, რათა ადამიანებს სესხის საპროცენტო ტვირთი შეუმსუბუქდეთ. საინტერესოა, რომ საქართველოში Freedom Bank-ის შვილობილი კომპანიის დაარსების გადაწყვეტილება ერთადერთმა აქციონერმა, Freedom Finance-მა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს მიიღო. Freedom Bank-ი ყაზახეთში მოქმედ 23 ბანკს შორის, 4,6 მლრდ დოლარის აქტივების მოცულობით მეათე ადგილს იკავებს. Freedom Holding Corp.-ის დამფუძნებელი და მთავარი მფლობელი ტიმურ ტურლოვია, რომლის მაჟორიტარული წილიც, დაახლოებით, 70%-ს შეადგენს. ის ყაზახეთის უმდიდრესი ბიზნესმენების Forbes-ის წლევანდელ რეიტინგში მეხუთე ადგილიდან მეორეზე დაწინაურდა. მისი ქონება მაისში 3.3 მილიარდიდან 5.8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.