ეროვნული ბანკი კიდევ ერთ რეგულაციაზე მუშაობს, რომელმაც შესაძლოა სამშენებლო სექტორის განვითრების არსებული ტემპი დაასტაბილუროს. „განვითარების ტემპი არც იმდენად სწრაფი უნდა იყოს, რომ გარკვეული ინფლაციური წნეხები შექმნას“ - ეს განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, როდესაც მას შეკითხვა დეველოპერული სექტორისთვის მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაუსვეს. როგორც ნათია თურნავა ამბობს, დეველოპერულ სექტორს, განვითარების სწრაფი ტემპის გარდა სჭირდება მდგარდობაც, ამიტომაც ახლა მათთან და საბანკო სექტორთან ერთად მიდის მუშაობა არსებული რეგულაციების განახლებასა და უფრო მეტად დაზუსტებაზე. ის, რის შესახებაც უკვე ცნობილია, საქმე ეხება ე.წ. შიდა განვადებების რეგულირებას, რადგან ასეთ პირობებში სამშენებლო კომპანიების პორტფელის ხარისხი ფაქტობრივად ვერ კონტროლდება, რაც პროექტების ვერ დასრულების და მომხმარებლების დაზარალების რისკებს ქმნის. თურნავა ამბობს, რომ იმ დეველოპერებს, ვისაც თითქმის დასრულებული აქვთ პროექტები, უფრო მეტი წვდომა უნდა ჰქონდეთ დაფინანსებაზე. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იპოთეკური სესხების კუთხით, რეგულაციების გადახედვაზე პარლამენტში ჯერ კიდევ ოქტომბერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებას გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან, საბანკო იპოთეკა ნიშნავს უფრო მეტ ზედამხედველობას და რისკების უკეთეს მართვას.