4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროკურორი - პროკურატურა მზად არის, საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ბრალდებულებმა აღიარონ ჩადენილი ქმედება და მტკიცებულებები მიიჩნიონ უდავოდ - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროკურორი - პროკურატურა მზად არის, საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ ბრალდებულებმა აღიარონ ჩადენილი ქმედება და მტკიცებულებები მიიჩნიონ უდავოდ

2025-12-19 15:24:08+04:00

თუკი ერთი ბრალდებული აღიარებს, ჩვენ მის მიმართ ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების საკითხზე, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ აღნიშნა, ყველა ბრალდებულთან მიმართებით არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ახორციელებენ ისინი სხვადასხვაგვარ ძალადობრივ ქმედებებს. პროკურორის თქმით, დღევანდელ პროცესზე სწორედ ეს ვიდეოჩანაწერი გამოიკვლიეს.

„სასამართლოს სხდომაზე გამოვიკვლიეთ უწყვეტი ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ გააკეთეს განცხადებები ორგანიზატორებმა, ამის შემდეგ, როგორ დაიძრა ხალხი პრეზიდენტის სასახლისკენ და როგორ განახორციელეს იქ სხვადასხვა სახის ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის სცადეს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა და მისი ხელში ჩაგდება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ყველა ბრალდებულთან მიმართებით არის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანან ისინი, სახე უჩანს ყველა მათგანს, თუ როგორ ახორციელებენ სხვადასხვაგვარ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის ცდილობენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას და მისი ძალადობით ხელში ჩაგდებას. გარდა ამისა, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც ადგენს, რომ ვიდეოჩანაწერებზე არსებული პიროვნებები არიან ბრალდებულები...

პროკურატურა მზად არის, ნებისმიერ ბრალდებულთან მიმართებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუმცა ამისთვის აუცილებელია, რომ აღიაროს ჩადენილი ქმედება და მტკიცებულებები მიიჩნიოს უდავოდ, რაც დღეის მდგომარეობით არ გვაქვს. თან ამ მომართვას უნდა ერთოდეს განცხადება, რომ ისინი აღიარებენ დანაშაულს და წარდგენილ ბრალდებაში თავს ცნობენ სრულად დამნაშავედ. თვითონ [ბრალდებულებმა] უნდა გადაწყვიტონ, ვინ აღიარებს და ვინ არა. თუკი ერთი ბრალდებული აღიარებს, ჩვენ მის მიმართ ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების საკითხზე“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულებთან მიმართებით ჯგუფურობა ვერ დასტურდება, რადგან ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ჯგუფურობისთვის აუცილებელია, რომ ეს პირები ერთობლივად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში, რაც ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს.

ცნობისთვის, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.