საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე ემუქრება. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე შეზღუდვა შესაძლოა შეეხოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ კი - საქართველოს მთლიან მოსახლეობას. ასევე აღნიშნულია, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლება ქვეყანაში არ მოაგვარებს პრობლემებს, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და ამასთან ერთად, არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგია, ვინაიდან ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ყოველდღიურად არღვევს. მმართველ პარტიაში კი ამ საკითხს მხოლოდ სპეკულაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოს „შანტაჟის ენით ესაუბრება“.