საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე ემუქრება - Palitra News

საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე ემუქრება

2025-12-20 15:46:02+04:00

საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე ემუქრება. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე შეზღუდვა შესაძლოა შეეხოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ კი - საქართველოს მთელ მოსახლეობას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელისუფლება არ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული პრინციპების დარღვევას - ევროკომიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ბრიუსელისგან არაერთხელ მიღებული რეკომენდაციები. ამასთან დაკავშირებით, ქართულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ რეპრესიული და მავნებლური პოლიტიკის შედეგია, ვინაიდან ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ყოველდღიურად არღვევს. მმართველ პარტიაში კი ამ საკითხს მხოლოდ სპეკულაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოს „შანტაჟის ენით ესაუბრება“.