დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანთა სიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შეემატა. ლილუაშვილს ქრთამის აღებას ედავებიან. სამართალწარმოება რამდენიმე ეპიზოდზე მიმდინარეობს. როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ლობირებდა და ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა სხვადასხვა უკანონო საქმიანობას. ქრთამის სახით მიღებული თანხები კი მილიონ დოლარს აღემატება. ლილუაშვილთანაა დაკავშირებული ე.წ ქოლ-ცენტრებიც. პროკურატურის ცნობით, მათი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილს მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც საქმიანობას ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.