ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ბანკები 3 მილიარდიანი მოგებით დაასრულებენ, რაც კიდევ ერთი რეკორდი იქნება ქართული ფინანსური ინსტიტუტების არსებობის ისტორიაში. მხოლოდ 11 თვეში ბანკების მოგებამ 2 მილიარდ 976 მილიონ ლარს გადააჭარბა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მთელი მოგების 87.7% მხოლოდ 2 ბანკზე მოდის. ვფიქრობ შეხსენება არ სჭირდება, რომ საუბარია „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“. თუმცა ამ ორ შორის ყველაზე მეტი მოგება „საქართველოს ბანკმა“ მიიღო, თითქმის მილიარდნახევარი ლარი, მას რამდენიმე ასეული მილიონით ჩამორჩება „თიბისი“ რომლის წილად დაახლოებით მილიარდ 113 მილიონი ლარის მოგება მოდის. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ფინანსური სექტორის მოგების თითქმის 88%-ს მხოლოდ ორი ბანკი ინაწილებს, ბაზარზე ამ ეტაპზე 17 კომერციული ბანკი და ორი მიკრობანკი ოპერირებს, რაც თავისთავად მეტყველებს უკიდურესაც არაკონკურენტულ გარემოზე ამ სფეროში.