2026 წელს ბინებზე ქირის ფასი კიდევ შემცირდება. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მომავალი წლის პროგნოზებშია საუბარი. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 2022 წლის მაღალი ზრდის შემდეგ, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი და ამონაგები დასტაბილურებას განაგრძობს. “თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, 2019 წლიდან, ყველაზე მაღალი გასაქირავებელი ფასი 2023 წელს ფიქსირდება, რა დროსაც კვადრატულის საშუალო ღირებულება 12 დოლარსა და 70 ცენტს შეადგენდა. რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, “თიბისი კაპიტალი” ვარაუდობს, რომ 2025 წელთან შედარებით, როცა ქირის ფასი, კვადრატულზე 10 დოლარი და 30 ცენტი იყო, ის კიდევ შემცირდება და საშუალოდ 10 დოლარი და 10 ცენტი იქნება. “თიბისი კაპიტალის” მიხედვით, 2025 წლის დინამიკის გათვალისწინებით, უძრავი ქონების ბაზარზე 2026 წელს სტაბილურ ზრდას უნდა ველოდოთ.