როგორია ეკონომიკური მოლოდინები მომავალი წლისთვის? თიბისი კაპიტალის კიდევ ერთი კვლევის თანახმად, 2026 წელი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისთვის გამორჩეული იქნება ეკონომიკური ზრდით, კლებადი ინფლაციითა და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებით. კვლევაში ნათქვამია, რომ მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა ამსუბუქებს გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, რაც ამცირებს რისკ-პრემიებს და ზრდის ინვესტორების ინტერესს რისკიანი აქტივების მიმართ. 2026 წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების ზრდის მოლოდინი უცვლელად ნარჩუნდება. ხელოვნური ინტელექტი კერძო კაპიტალის ბაზრის მამოძრავებელი ძალაა, რაც აქციების რეკორდული ზრდითა და კაპიტალური დანახარჯებით გამოიხატება. რაც შეეხება საქართველოს, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ზომიერ ნიშნულზე იქნება, თუმცა, საქართველოს მსგავსი ტიპის ქვეყნებთან შედარებით, ზრდის ტემპი მაინც მაღალი დარჩება. ზრდის მთავარი კომპონენტი 2026 წელსაც მოხმარება იქნება. 2025 წელს ინფლაცია აჩქარდა, რაც ძირითადად სურსათის გაზრდილი ფასებით არის განპირობებული. 2026 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია ინფლაციის შენელება. 2026 წელს ლარის გაცვლითი კურსი სავარაუდოდ მცირედით გაუფასურდება. 2025 წლის დინამიკის გათვალისწინებით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 2026 წელს მოსალოდნელია სტაბილური ზრდა. 2026 წელს კომერციული უძრავი ქონების იჯარის ფასები სტაბილურ ზრდის ტემპს შეინარჩუნებს (2-5%-ის ფარგლებში). გაზრდილი კონკურენციის ფონზე საწყობების იჯარის ზრდა ნაკლებად სავარაუდოა. 2026 წელს საქართველოს ტურიზმის სექტორი სტაბილურად გაიზრდება. საერთაშორისო ვიზიტების ზრდა ძირითადად განპირობებული იქნება შემდეგი რეგიონებიდან: ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ინდოეთი და უზბეკეთი.