ემანუელ მაკრონი - ევროკომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ციფრული სუვერენიტეტის დაცვას გავაგრძელებთ - საფრანგეთი აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს - Palitra News

ემანუელ მაკრონი - ევროკომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ციფრული სუვერენიტეტის დაცვას გავაგრძელებთ - საფრანგეთი აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს

2025-12-24 15:36:34+04:00

ევროკომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ციფრული სუვერენიტეტის დაცვას გავაგრძელებთ - საფრანგეთი აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ზომები დაშინებასა და იძულებას წარმოადგენს, რაც მიზნად ევროპის ციფრული სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავს. ევროკავშირის ციფრული რეგულაციები ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ დემოკრატიული და სუვერენული პროცესის შედეგად არის მიღებული“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

მისი თქმით, „ევროკავშირის ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს და მესამე ქვეყნებს მიზანში არ იღებს“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხ ხელმძღვანელს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ევროკავშირის მასშტაბით ამერიკული სოციალური მედია პლატფორმებისთვის ცენზურის დაწესებაში მონაწილეობდნენ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა ტიერი ბრეტონს „ციფრული სერვისების აქტის“ (DSA) მთავარი ინიციატორი უწოდა.