ბრძოლა მაღალ სასურსათო ფასებთან - მთავრობის მეთაურმა საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა, ხოლო, სამართალდამცავ უწყებებს, საკითხის სიღრმისეულად მოკვლევა დაავალა. ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასების დარეგულირების მიზნით, სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან მუშაობაც დაანონსა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. ფასებს შორის სხვაობას კი, როგორც განმარტავს, სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს. ქართული ოცნება მთავრობის მეთაურის ინიციატივას მიესალმება. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ შემდეგი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, რადგან მათი შეფასებით, ფასების ზრდის რეალური მიზეზი ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკაა.