2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 22 დეკემბერს დააკავეს და „ჯაშუშობაში“ სდებენ ბრალს - Palitra News

2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 22 დეკემბერს დააკავეს და „ჯაშუშობაში“ სდებენ ბრალს

2025-12-25 10:07:39+04:00

2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 22 დეკემბერს დააკავეს და „ჯაშუშობაში“ სდებენ ბრალს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც უფლებადამცველები იუწყებიან, გამომძიებლებმა ახალგორში მისი სახლი გაჩხრიკეს. ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სახლიდან წაღებულია პირადი ნივთები, მათ შორის მეარაყიშვილის გაგზავნილი წერილების ასლები ადგილობრივი დეფაქტო უწყებებისთვის ახალგორელების სხვადასხვა პრობლემებზე, კომპაქტ-დისკები საოჯახო ფოტოებით, ნიდერლანდების საელჩოს კონკურსში გამარჯვებისთვის 2018 წელს გადაცემული პრიზი და ქართული ბანკების ვადაგასული ბარათები.

აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობდა უფლებების სისტემურ შეზღუდვებზე და დე-ფაქტო ხელისუფლების შიდა პრობლემებზე. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი პროტესტის ნიშნად საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.

მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, თუმცა წინა ბრალდებები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა.