ფასებით აბსოლუტურად არავინაა კმაყოფილი. ფაქტია, რომ რაღაც გამართულად არ არის - თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად, მონოპოლიურად, კარტელურ გარიგებებს ახორციელებდა საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო მოკვლევის დროს ყველა დეტალი გაირკვევა.
„საზოგადოებას ვპირდებით, რომ თითოეული კომპონენტის შესწავლა მოხდება. თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად, მონოპოლიურად, კარტელურ გარიგებებს ახორციელებდა საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება. გადაწყვეტილებები იქნება არა ზეწოლისთვის, ბიზნესის დასახურად ან შანტაჟისთვის, არამედ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ბიზნესმა თავისი საქმიანობა აწარმოოს და მიიღოს მოგება, მაგრამ მეორე მხრივ, ტვირთი არ იყოს მოსახლობაზე იმის გამო, რომ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა სურსათის მიმართულება სრულად აკონტროლოს.
ფაქტი ერთია, რომ ფასებით აბსოლუტურად არავინაა კმაყოფილი. ფაქტია, რომ რაღაც გამართულად არ არის, არის პრობლემები და ამიტომ თითოეულ მიმართულებას სჭირდება შესწავლა. როგორც ჩანს, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, დარღვევები ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან. მათ რომ გამართულად, კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო,“ - განაცხადა მახაშვილმა.
ამასთან, ის გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს, რომ სურსათზე მაღალი ფასები საგადასახადო პოლიტიკის გამოა და აღნიშნა, რომ ეს სრულიად აბსურდული განცხადებაა.
მისი თქმით, საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში 2005 წლიდან არაფერი შეცვლილა, მაგრამ ფასების პრობლემა მაინც არის.
როგორც მახაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე, საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
„აბსოლუტურად აბსურდული განცხადებებია [ოპოზიციის მხრიდან]. ჩემმა კოლეგებმაც დაწერეს, რომ საგადასახადო პოლიტიკა 2005 წლიდან პრაქტიკულად, არ შეცვლილა საქართველოში. დამატებითი ღირებულებითი გადასახადი იქნება, მოგების გადასახადი თუ ა.შ. არაფერი შეცვლილა 2005 წლიდან, ისევ იგივეა. უფრო მეტიც, 2017 წლიდან, ბიზნესი აბსოლუტურად არ იხდის მოგების გადასახადს, თუ ის აბრუნებს ამ თანხას ისევ ინვესტიციის სახით. ასე რომ, ეს არათუ ტვირთად გაიზარდა გადასახადები, არამედ, პირიქით, 2017 წლიდან კიდევ უფრო შემცირდა ბიზნესებისთვის. საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ მაინც ფასების პრობლემა იყო,“ - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.