„ქართულ ოცნებაში“ დადებითად აფასებენ ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლითაც მაღალი სასურსათო ფასების დასარეგულირებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, ხოლო, სამართალდამცავმა უწყებებმა ეს საკითხი დეტალურად უნდა გამოიკვლიონ. გარდა ამისა, კობახიძემ სამომხმარებლო ფასების დარეგულირების მიზნით, სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან მუშაობაც დაანონსა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ ასევე ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება დაბალ ინფლაციური გარემოს შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობას ხელს შეუწყობს. ოპოზიციაში სრულიად საპირისპიროს ამბობენ - ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ შემდეგი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, რადგანაც, მათივე შეფასებით, ფასების ზრდის რეალური მიზეზი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.