კახა კალაძე ბაჩო ახალაიას საქმეზე- გავაკეთეთ მოწოდებები, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, მიუხედავად ამისა, იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს - ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, პასუხს აგებს - Palitra News

კახა კალაძე ბაჩო ახალაიას საქმეზე- გავაკეთეთ მოწოდებები, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, მიუხედავად ამისა, იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს - ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, პასუხს აგებს

2025-12-26 14:29:37+04:00

გუშინ მოვისმინეთ ბაჩო ახალაიას დაკავების თაობაზე, დაველოდოთ გამოძიებას - ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პასუხს აგებს,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი.

„4 ოქტომბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ეს ადამიანები, მოძალადე ჯგუფები აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. 4 ოქტომბერს დაიწყეს აღსრულებაში მოყვანა, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანი იქნა დაკავებული, გუშინ მოვისმინეთ ბაჩო ახალაიას დაკავების თაობაზე. დაველოდოთ გამოძიებას. გახსოვთ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება, რადგან სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, აგებს პასუხს“,- აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით - ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს "პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე" 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.