ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდათ - Palitra News

ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდათ

2025-12-28 18:13:51+04:00

კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა. ადვოკატი დაკავებულების მიმართ 10 000 - 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და პატიება ითხოვეს. ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებულ ნიზლამ შარიფოვს, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს - ებრძვის სიმსივნეს და ორჯერ აქვს ოპერაცია გაკეთებული. ადვოკატის განმარტებით, მას გაუჭირდება საპატიმროში ყოფნა, რადგან ყოველდღიურად მედიკამენტებს მოიხმარს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ხათუნა კახიშვილს, ადვოკატის თქმით, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 პირი, ხოლო, ჯამში, პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი. საქმე ეხება, კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს.