შალვა პაპუაშვილი - ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები - ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები - ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

2025-12-29 12:19:22+04:00

როდესაც ბრიუსელზე ვსაუბრობთ, რთულია სამართლიანობა, ლოგიკა და გონივრულობა ვეძებოთ. დიდი ხანია ბრიუსელი გაცდენილია გონივრული გადაწყვეტილებების ჩარჩოებს. ეს როგორც საქართველოსთან, ისე უკრაინასთან დაკავშირებით ჩანს. სამართლიანობა კარგა ხანია დაკარგული აქვთ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ბრიუსელის მმართველობა უნდა შეიცვალოს, რადგან აცდენილია ევროპის ხალხის ინტერესებს და სხვა პოლიტიკური დაკვეთითა და დღის წესრიგით მოქმედებს“.

„სუვერენიტეტს არცერთ პოლიტიკურ შანტაჟზე არ გავცვლით. ქართველი ხალხი დარწმუნდა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უკან სამართლიანობა და ობიექტური კრიტერიუმები არ დგას და მხოლოდ მავნე პოლიტიკური მიზნები აქვთ. ეს ის სამწუხარო შედეგია, სადამდეც მივიდა ევროკავშირისა და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში, უნაირო დიპლომატიისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის გამო.

დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება, 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევა იყო, რომელმაც ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის დამრღვევად გამოიყვანა. რასაც სხვებს ედავებიან ხოლმე, იმის გამო, რომ საქართველოში ძალაუფლება შეეცვალათ, წავიდნენ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე.

ბრიუსელის მმართველობა უნდა შეიცალოს, რადგან აცდენილია ევროპის ხალხის ინტერესებს და სხვა პოლიტიკური დაკვეთითა და დღის წესრიგით მოქმედებს. ჩვენ კი ასეთ ბიუროკრატიასთან საერთო ენას ვერასდროს გამოვნახავთ. ამ ბიუროკრატიამ ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულთან მიიყვანა და ჩვენ რა საერთო ენა უნდა გამოვნახოთ? მაშინ ჩვენც ევროპულ ბიუროკრატიას უფსკრულთან უნდა მივაყვანინოთ. ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები - თუ ესკალაციაზე წავიდოდით, თუ რუსეთს სანქციებს დავუწესებდით, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა, ჩაგვეკეტა ცა და დაპირისპირების სპირალში შევსულიყავით რუსეთთან, ვერ ავცდებოდით სამხედრო კონფლიქტს და ქვეყნის დანგრევას.

ევროკავშირი, რომელიც როგორც მშვიდობის პროექტი ისე შეიქმნა და დღეს პირდაპირ ომზე საუბრობს, ომისთვის ემზადება და განეწყობა და ვინც ომისთვის განეწყობა, ყოველთვის ომს მიიღებს, ეს არის ესკალაციის ლოგიკა.

ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ამიტომ მთავარი გზაა, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა შეიცალოს. ვხედავთ ქვეყნებს, სადაც პატრიოტული ძალები, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მატარებელი ძალები მოდიან ხელისუფლებაში და როგორც კი ეს ტენდენცია ბრიუსელის ბიუროკრატიამდე მიაღწევს და ევროპელ ხალხს ყურს დაგდებს, იმ მომენტშივე გახდება შესაძლებელი ჩვენი ურთიერთობების საბოლოო დარეგულირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.