დავით მათიკაშვილი - როდესაც ძალადობა იყო გაჩაღებული, კავშირ-ურთიერთობა ჰქონდათ ახალაიას და ამ ძალადობაში მხილებულ პირებს - რაზე საუბრობდნენ? ილია ჭავჭავაძეს განიხილავდნენ, შოთა რუსთაველს თუ შექსპირს? - Palitra News

დავით მათიკაშვილი - როდესაც ძალადობა იყო გაჩაღებული, კავშირ-ურთიერთობა ჰქონდათ ახალაიას და ამ ძალადობაში მხილებულ პირებს - რაზე საუბრობდნენ? ილია ჭავჭავაძეს განიხილავდნენ, შოთა რუსთაველს თუ შექსპირს?

2025-12-29 14:40:02+04:00

მაშინ, როდესაც ძალადობა იყო გაჩაღებული, კავშირ-ურთიერთობა ჰქონდათ ახალაიას და ამ ძალადობაში მხილებულ პირებს. რაზე საუბრობდნენ - ილია ჭავჭავაძეს განიხილავდნენ, შოთა რუსთაველს თუ შექსპირზე იყო საუბარი? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ბაჩო ახალაიას ადვოკატის განცხადებას, რომ ახალაია „გაოგნებულია რადგან არ ახსენდება მსგავსი საქმე, რომ ვინმე მხოლოდ და მხოლოდ ზარის გამო დაეკავებინოთ“.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ეს არის მზაკვრობა“. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის, ყველაფერი ისედაც ძალიან გასაგები და ნათელია.

„ეს არის მზაკვრობა და მცდელობა, რაღაც თითიდან გამოწოვილი, თითქოს, არარსებული პარადიგმით ეჭვის ქვეშ უნდათ, რომ დააყენონ გამოძიების მიერ ძალიან სკრუპულოზურად გამოქვეყნებული ქრონომეტრაჟი იმ ასეულობით ურთიერთკავშირისა, რომელიც სწორედ 4 ოქტომბრის ღამეს ჰქონდათ. მაშინ, როდესაც ძალადობა იყო გაჩაღებული, კავშირ-ურთიერთობა ჰქონდათ ახალაიას და ამ ძალადობაში მხილებულ პირებს. რაზე საუბრობდნენ - ილია ჭავჭავაძეს განიხილავდნენ, შოთა რუსთაველს თუ შექსპირზე იყო საუბარი? რაზე იყო საუბარი იმ უმძიმეს ღამეს, როდესაც როგორც ეტყობა, ძალადობაში მყოფი და მონაწილე ყველა პირი ასე იღებდა დავალებებს? ასე რომ, სასამართლოში იქნება შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი. საზოგადოებისთვის, ალბათ, ყველაფერი ისედაც ძალიან გასაგები და ნათელია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.