აჭარის რეგიონის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს - მთავრობის ინფორმაციით, გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - Palitra News

აჭარის რეგიონის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს - მთავრობის ინფორმაციით, გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

2025-12-30 10:34:24+04:00

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,- ამის შესახებ აჭარის ავტონომიურ მთავრობაში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბაში 50 სანტიმეტრია.

“სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

ამ დროისთვის თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით”,- აცხადებენ მთავრობაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აჭარაში უამინდობამ რიგი პრობლემა შექმნა. ძლიერმა ქარმა ქობულეთში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.