ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი ძალაში შევიდა. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მექანიზმი იმაზე უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე მისი წინა ვერსია იყო. ევროკომისიის განცხადებით, ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, რომ პრობლემებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოახდინოს. როგორც ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, ეს მექანიზმი ეტაპობრივად მუშაობს: პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუკი პრობლემები არ მოგვარდება, უვიზო მიმოსვლა ქვეყნის მთელ მოსახლეობას შეუჩერდება. ამასთანავე, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ახალი მექანიზმის მიზანია, ევროკავშირმა ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს უკეთესად გაართვას თავი.