ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატი - ბრალდებამ მიიჩნია, რომ აღარაა საჭირო პატიმრობაში იყოს და აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა - არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება - Palitra News

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატი - ბრალდებამ მიიჩნია, რომ აღარაა საჭირო პატიმრობაში იყოს და აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა - არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება

2025-12-30 16:12:59+04:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ კობა გაბუნიას ადვოკატის, გოჩა კვირიკაშვილის განცხადებით, პროკურატურამ მიიჩნია, რომ გაბუნიას პატიმრობაში ყოფნის საფუძველი აღარ არსებობდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კვირიკაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ გაბუნიამ ჩვენება და გახდა თუ არა ეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

„რას ქვია საფუძველი? მიიჩნია ბრალდებამ, რომ აღარაა საჭირო პატიმრობაში იყოს და შეეცვალა. არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული კობა გაბუნია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნახევარ მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.