რუსეთის განცხადება, რომ უკრაინამ რუსეთში სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა, ყურადღების გადატანის წინასწარგანზრახული მცდელობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
კაია კალასი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 29 დეკემბრის ღამეს უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა.
„მოსკოვი ცდილობს მშვიდობისკენ გზაზე უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი ჩაშალოს. არავინ უნდა აღიაროს უსაფუძვლო ბრალდებები აგრესორისგან, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობას განურჩევლად ბომბავს“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი X-ზე.