სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან. სავარაუდო დანაშაულის გამოსავლენად და იმისთვის, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა, ქსელურ მარკეტებს შორის, ე.წ კარტელური გარიგება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. შეფასებების მოსამზადებლად, გაზაფხულის სესიაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება. ხელისუფლება პრობლემად ასახელებს, ფასნამატს, რომელიც, როგორც ამბობენ, საქართველოს საზღვრიდან დახლამდე 86 პროცენტია. საპასუხოდ, ოპოზიციაში უსამართლო ფასების მთავარ გამოწვევად, დღგ-ს მაღალი ოდენობა სახელდება.