ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
„მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. პერმანენტულად წარმოებდა კომუნიკაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მეშვეობით”, - ნათქვამია განცხადებაში.
აქტივისტი საოკუპაციო ძალებმა 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.