არავის თვითმიზანი არ უნდა იყოს ადამიანის დაპატიმრება, მითუმეტეს ამ დღეს, მით უმეტეს ახალგაზრდების, მაგრამ დავფიქრდეთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი - დავფიქრდეთ იმ ბოროტებაზე, რომელიც მოუმზადეს საქართველოს, იმ სცენარზე, რომელშიც, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩართეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა შესაძლო შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, „პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს საკუთარ თავზე“.
„არავის თვითმიზანი არ უნდა იყოს ადამიანის დაპატიმრება, მითუმეტეს ამ დღეს, მითუმეტეს ახალგაზრდების, მაგრამ დავფიქრდეთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. დავფიქრდეთ იმ ბოროტებაზე, რომელიც მოუმზადეს საქართველოს, იმ სცენარზე, რომელშიც, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩართეს. პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს საკუთარ თავზე. როცა უპირისპირდები სახელმწიფოს, კანონს, რასაკვირველია, კანონი იმოქმედებს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რაც ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, პოლიციური ძალა იქნება ეს, თუ სასამართლო.
სამწუხარო ფაქტებსაც ვხედავთ, ცუდი მაგალითებია, როდესაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, არათუ აჯარიმებენ, არამედ შეიძლება საპატიმროშიც მოხვდნენ, განვითარებულ, ევროპულ დემოკრატიებზეა საუბარი. ამიტომ, ამ რთულ სიტუაციაში, დავფიქრდეთ ყველა, რა განაპირობებს ქვეყნის სტაბილურობას, რა მექანიზმები და ფულადი, პოლიტიკური რესურსი არსებობს, რომ საკუთარ ქვეყანას დაგაპირისპიროს და მერე უკვე ადვილად გამოჩნდება, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.