სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, უკრაინაში ჯამში, 15 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნონ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს მოსალოდნელ რაოდენობაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად დიდი ბრიტანეთის სამხედრო ლიდერებმა უკრაინას 10 000 ჯარისკაცის გაგზავნა შესთავაზეს, თუმცა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანეთის არმიის ამჟამინდელი რაოდენობის გათვალისწინებით, ეს შეუძლებლად მიიჩნია. წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემთხვევაში, 7 500-ზე ნაკლები ბრიტანელი ჯარისკაცის განლაგებაა მოსალოდნელი, რაც ასევე რთული იქნება, იმ პირობებში როდესაც ქვეყანას 71 000 გაწვრთნილი სამხედრო ჰყავს. რაც შეეხება საფრანგეთს, მან ასევე აიღო ვალდებულება, უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნოს. მოსალოდნელია, რომ ფრანგი სამხედროები ქვეყნის შედარებით უსაფრთხო ნაწილში, ფრონტის ხაზიდან მოშორებით განლაგდებიან.