ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - შემაშფოთებელია, რომ აშშ-ს ვენეციის კომისიიდან გასვლა სურს - იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გადახედავს და შეცვლის - Palitra News

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - შემაშფოთებელია, რომ აშშ-ს ვენეციის კომისიიდან გასვლა სურს - იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გადახედავს და შეცვლის

2026-01-08 12:42:52+04:00

შემაშფოთებელია, რომ აშშ-ს ვენეციის კომისიიდან გასვლა სურს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი სოციალურ ქსელში წერს, სადაც 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ დროს, როდესაც კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით დაცვას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გადახედავს და შეცვლის“, - წერს თეოდოროს რუსოპულოსი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისიაც. სიაში გაერო-ს 31 ორგანიზაციაა, ხოლო 35 ორგანიზაცია გაერო-ს შემადგენლობაში არ შედის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანიზაციები აშშ-ის სუვერენიტეტის შეზღუდვას აქტიურად ცდილობენ.