საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე - ვახორციელებთ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას - Palitra News

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე - ვახორციელებთ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას

2026-01-08 16:09:45+04:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ახორციელებენ.

„ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს, აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს 6 მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, - ნათქვამია განცხადებაში.