შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი საპატიმროში მყოფ სამოქალაქო აქტივისტებს? გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრების განცხადებით, ციხეში მყოფი მომიტინგეები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და შეწყალების მოთხოვნას არ აპირებენ. საკითხზე აქტიურად საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც არაერთმა სასულიერო პირმა ქართულ ოცნებას შეწყალების ბერკეტის გამოყენება სთხოვა. მსჯავრდებული სამოქალაქო ატივისტების ოჯახის წევრების თქმით, დიდი იმედი არ აქვთ, რომ მათი ოჯახის წევრები ვადაზე ადრე გათავისუფლდებიან. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ ვიდრე შეწყალების შესახებ საუბარი დაიწყება, იქამდე დაპატიმრებულმა აქტივისტებმა საკუთარი ბრალი უნდა აღიარონ და ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა აიღონ.