სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა - Palitra News

სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა

2026-01-13 14:07:55+04:00

სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, FAO წერს. ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, პირიქით, 0.6%-ით შემცირდა. FAO-ს სასურსათო ფასთა ინდექსი 2025 წელს, საშუალოდ, 127.2 პუნქტს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.2 პუნქტით, ანუ 4.3%-ით მეტია. 2025 წლის ბოლოს სასურსათო ფასთა ინდექსი, ნოემბერთან შედარებით, შემცირდა, რაც რძის პროდუქტებზე, ხორცსა და მცენარეულ ზეთზე ფასების კლებით იყო განპირობებული. ამან მარცვლეულისა და შაქრის ფასის ინდექსის ზრდა სრულად აანაზღაურა. შესაბამისად, დეკემბრის ფასები 2.3%-ით დაბალი იყო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკურ დონესთან შედარებით 22.4%-ით ნაკლები. 2022 წლის მარტში სურსათზე პიკური ფასები პანდემიისა და უკრაინაში ომის დაწყების ფაქტორით იყო გამოწვეული. FAO-ს სასურსათო ფასთა ინდექსი საშუალო შეწონილი მაჩვენებელია, რომელიც ხუთი ძირითადი სასურსათო ჯგუფის საერთაშორისო ფასების დინამიკას ასახავს.