თბილისში ბინები ისევ გაძვირდა, ფასი გაიზარდა როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში. „ქოლიერსის“ მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი დედაქალაქში 1 090 დოლარი იყო, ხოლო 2025 წლის იმავე თვეში ღირებულება 1 199 დოლარს გაუტოლდა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ნოემბერში ძველ პროექტებში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 254 დოლარი იყო, 2024 წლის იმავე თვეში კი 1 208 დოლარი. ამასთანავე, ახალ პროექტებში 2025 წლის ნოემბერში ბინის საშუალო გასაყიდი ფასი 1 187 დოლარს გაუტოლდა, ხოლო 2024 წლის ნოემბერში 1 057 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 18.4%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 2.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „ქოლიერსის“ კვლევაში ნათქვამია, რომ ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდა მოხდა ძირითადად ჩუღურეთისა და ისნის ხარჯზე, ფასის ზრდაზე გავლენა იქონია, რამდენიმე ტრანზაქციამ, ერთ კონკრეტულ პროექტში. ამის გარეშე, ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 8.8% შეადგინა. რაც შეეხება თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდ ფასს, ერთი წლის განმავლობაში 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 22.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 24%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე 20.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ფართო ცენტრში შედარებით ნაკლები ტრანზაქცია დაფიქსირდა და, ასევე, მეორეულ ბაზარზე გამოვიდა ახალდასრულებული ძვირად ღირებული პროექტები. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.3% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10.1%-ით გაიზარდა”, - ნათქვამია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვაში.