"ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში, საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება" – ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია „გალთ ენდ თაგარტი“ წერს.
აქვე ნათქვამია, რომ ტურიზმის სექტორზე მინიმალური გავლენის პროგნოზი საქართველო-ირანს შორის არსებული დაბალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე კეთდება. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 2.7% შეადგენს."გალთ ენდ თაგარტის" თანახმად, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. კვლევის მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ დოლარს მიაღწია. ჯამურად კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც თითქმის 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით./