Wizz air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა. უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის სამგზავრო ბილეთს ვერ ყიდულობენ. კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას სთავაზობს. ცნობისთვის, Wizz Air-მა ვენაში მდებარე ბაზის დახურვა გასული წლის სექტემბერში დაანონსა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებდნენ, ბაზის დახურვა ორ ეტაპად, 2026 წლის 15 მარტამდე უნდა განხორციელებულიყო. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზებს, Wizz Air-ში განმარტეს, რომ ეს ოპერაციული ხარჯების ზრდასა და უფრო მომგებიან ბაზრებზე სტრატეგიულ გადასვლას უკავშირდება. ვენის აეროპორტს მაღალი სატარიფო პოლიტიკა აქვს, „ვიზეარი“ კი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ყოველთვის ხელსაყრელ პირობებს ეძებს, რათა კომპანიის საფასო პოლიტიკა არ შეიცვალოს. ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის შეფასებით, ვიზ ეარის ბაზის დახურვა ისეთი ქალაქის აეროპორტში, რომელიც ევროპის ჰაბად ითვლება, ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, რადგან ვენის მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ხაზი საქართველოსა და ევროპას შორის.