ალეკო ელისაშვილის ადვოკატები - პენიტენციური სამსახურის განცხადება, დიდი ალბათობით, მიზნად პატიმრის დისკრედიტაციას ისახავს და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვას - Palitra News

ალეკო ელისაშვილის ადვოკატები - პენიტენციური სამსახურის განცხადება, დიდი ალბათობით, მიზნად პატიმრის დისკრედიტაციას ისახავს და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვას

2026-01-14 10:04:55+04:00

პენიტენციური სამსახურის განცხადება, დიდი ალბათობით მიზნად პატიმრის დისკრედიტაციას ისახავს და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვას - ალექსანდრე ელისაშვილმა პროცესზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დაკავების შემდეგ იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი,- ასე პასუხობენ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატები, არჩილ ჩოფიკაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ადვოკატების განმარტებით, სახელმწიფოს მიერ არასათანადო, უკანონო მოპყრობა, არაადეკვატური და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო აღრმავებს განცდას, რომ ალეკო ელისაშვილი განგრძობადი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ამიტომ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებენ, რომ მომავალში აღარ გავრცელდეს გადაუმოწმებელი და არაადეკვატური ინფორმაცია პატიმრის მიმართ, რომელსაც გარესამყაროსთან კონტაქტი აკრძალული აქვს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელდა, ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია და ბრალდებულის განცხადებებთან შეუსაბამო ინფორმაცია. პენიტენციური სამსახურის განცხადება, დიდი ალბათობით, მიზნად ისახავს პატიმრის დისკრედიტაციას და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვას. როგორც ბრალდებულმა სასამართლოს განუცხადა, სამართალდამცველების მხრიდან წამების, ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ობიექტი ის წარსულშიც გახდა და დღემდე დამნაშავეები დასჯილები არ არიან.

ალექსანდრე ელისაშვილმა პროცესზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დაკავების შემდეგ იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში გამიზნულად, ზედმეტად მჭიდროდ და დამაზიანებლად ზურგს უკან ედო ბორკილები ხელებზე, საიდანაც სისხლი სდიოდა, ამ ყველაფერს კი პოლიციელი სიამოვნებით უყურებდა. შედეგად მას ხელებზე განუვითარდა ჭრილობები რისი კვალიც დღემდე ეტყობა. პროკურორს არ უსაუბრია პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზე, მიმდინარე გამოძიებასა და მიღწეულ შედეგებზე. ამ დრომდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული.

საგულისხმოა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება პროცესის დასრულებისთანავე გასაჯაროვდა, ის ეხება არა მთავარ საკითხებს არამედ იმას, რომ თითქოს ელისაშვილი ცრუობს და მას სინამდვილეში აქვს პირადი ჰიგიენის ნივთები. როგორც ჩანს პენიტენციურ სამსახურს არ მოუსმენია გულისყურით ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ ამ ეტაპზე აქვს ნივთები, თუმცა დაპატიმრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ აწვდიდნენ პირველადი მოხმარების ნივთებს.

დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე არ ყოფილა გადმოცემული დასაბუთებული გადაწყვეტილება რის საფუძველზედაც ბრალდებული შესახლებულია მე-6 (მაღალი რისკის) დაწესებულებაში და არა მაგ. მე-8 ან, მე-12 დაწესებულებაში (ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება) სადაც ამჟამად იმყოფებიან ბრალდებულ პოლიტიკოსთა უმეტესობა. პენიტენციურმა სამსახურმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ბრალდებულის სხვა, ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე (მაგ 12 დაწესებულება).

პროკურორის დადგენილებით პატიმარს აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია.

ბრალდებული პატიმარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ სახელმწიფოს მიერ არასათანადო, უკანონო მოპყრობა, არაადეკვატური და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო აღრმავებს განცდას, რომ ის განგრძობადი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. შესაბამისი პირებისათვის ცნობილია, რომ კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.

დაცვის მხარე ვთხოვთ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და შესაბამის კომპეტენტურ თანამდებობის პირებს მომავალში აღარ გავრცელდეს გადაუმოწმებელი და არაადეკვატური ინფორმაცია პატიმრის მიმართ, რომელსაც გარე სამყაროსთან კონტაქტი აქვს აკრძალული და დასაბუთებული და ქაღალდზე დაწერილი გადაწყვეტილების გარეშე იმყოფება ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება, რომ მას პირადი ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო ნივთები არ მიეწოდება სიცრუეს წარმოადგენს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით”,- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.