ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი წარადგინა - Palitra News

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი წარადგინა

2026-01-14 15:52:01+04:00

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი წარადგინა. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს ევროკომისიამ საკანონმდებლო წინადადებები მიიღო, რათა 2026-2027 წლებში უკრაინისთვის უწყვეტი ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოს. ეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ეტაპია“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტიდან ევროკომისია 60 მილიარდ ევროს უკრაინის სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფს, ხოლო 30 მილიარდი უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერას მოხმარდება.

„მხარდაჭერა უკრაინას დაეხმარება, რომ თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს და სახელმწიფო და საჯარო სერვისების ხანგრძლივი ფუნქციონირება უზრუნველყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, ევროკომისია სესხის დასაფარად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების უფლებას იტოვებს.

შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარი გასული წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე დაუჭირა.