ირანის საელჩოსთან, სადაც გუშინ აქცია გაიმართა, ერთი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილემ სამართალდამცავი უწყების მოთხოვნის შესრულებასა და საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე უარი თქვა. პროტესტის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა აქციის კიდევ ორი მონაწილეც. შეკრებილების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მათ საკუთარი ოჯახის წევრების ირანში გამართულ აქციებზე დაღუპვის შესახებ გაიგეს. ირანის საელჩოსთან აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეკრებულებმა ირანში მიმდინარე პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებები გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ირანელი ხალხი ძალადობრივ რეჟიმზე გამარჯვებას იმსახურებს.