„ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა - როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: - ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა, ღარიბაშვილიც ასე სასწრაფოდ ამიტომ დააპატიმრეს! ასეთი ძლიერი და თავის თავში მოთუხთუხე ავტორიტარიზმი საქართველოში არასდროს ყოფილა! - ეს შეფასება პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
ზაქარეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ყველა პირს, მათ შორის საკუთარ ხალხს ციხიდან გაუშვებს, რაც მისივე ვარაუდით, შეიძლება გაზაფხულზე მოხდეს.
„ყველაზე მანკიერი პოლიტიკაა ის, რაც ახლა ხდება - როცა აშშ საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან, რომ ჩვენ ამ ადამიანებს ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა, იქნებ კობახიძე აშშ-ში მიიღო და შენს ოვალურ კაბინეტში რაღაცნაირად სურათი გადაიღოს. ამდენ ადამიანს ციხისთვის ამის გამო ამზადებენ. ღარიბაშვილი ასე სასწრაფოდ ამიტომაც დააპატიმრეს.
„ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა, რომელიც ადამიანის თავისუფლებითა და ჯანმრთელობით ვაჭრობს. ამით ივაჭრებენ და ყბადაღებულ ლეგიტიმურობას მიიღებენ. მათ ლეგიტიმურობა არაფერში სჭირდებათ - მათ ძალაუფლება სჭირდებათ! ძალაუფლება კარგად აქვთ შენარჩუნებული. ასეთი ძლიერი ავტორიტარიზმი, როგორიც ახლაა, საქართველოში არასდროს ყოფილა - არც სააკაშვილის დროს. სააკაშვილმა ხელისუფლება თვითონ დათმო. იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ყოვლად მიუღებელია, ფაქტია, რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა სააკაშვილს მოუწია არჩევნებში წაგება ეღიარებინა და ხელისუფლება დათმო.
ასეთი ძლიერი და თავის თავში მოთუხთუხე ავტორიტარიზმი საქართველოში არ ყოფილა. ვიღაცას რომ ჰგონია, რომ ხვალ ჩამოიშლება, ზღაპარია, სასაცილოა - ესე იგი წარმოდგენა არა აქვს, რა სიტუაცია საქართველოში.
საქართველო საპატიო ავტორიტარული მმართველობის ქვეყანა ხდება. მას მსოფლიო რუსეთის გავლენის სფეროდ დატოვებს, რადგან თვითონ ვტოვებთ თავს - რაკი შენ რუსეთი გინდა, ჯანდაბა შენი თავი, იყავი რუსეთში - დაახლოებით ეს მომენტი იქნება. დასავლეთი საქართველოსთვის თავს არ მოიკლავს. არანაირი მოლაპარაკებები არ განახლდება, თუ “ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. კანონები უკან არ წაიღო, სამოქალაქო საზოგადოება არ გაათავისუფლა, თუ ნამდვილი თავისუფალი არჩევნები არ ჩაატარა და სასამართლოს რეალური რეფორმა არ მოახდინა.
ჩვენ ბუნჩულა, მშვიდი ავტორიტარული მმართველობა ვიქნებით. მსოფლიოში ბევრი ავტორიტარული რეჟიმია და ამ რეჟიმების სიაში ერთ-ერთი უფრო მსუბუქი ფორმის, სამაგალითო ავტორიტარიზმი ვიქნებით: - ხალხო! ხალხს ნუ ხოცავთ, საქართველოს მიბაძეთ! - დაახლოებით ასეთი ფორმის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილმა ირანში მიმდინარე პროცესები შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ ირანის რეჟიმის შეცვლას ვერ მოახერხებს, თუ ეს თავად ირანელმა ხალხმა არ მოინდომა.
ზაქარეიშვილის თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება აშშ-სა და ისრაელს აწყობდეს, ისაა, რომ რეჟიმი ხალხმა მოშალოს და ჩამოაგდოს. ზაქარეიშვილის აზრით, ირანის ტერიტორიაზე აშშ-სა და ისრაელის ჯარისკაცების შესვლა, სიტუაციას უფრო მეტად დაამძიმებს.
„ირანში ვითარება დაძაბულია. ამ საათებში წყდება განახორციელებს თუ არა აშშ-ში ირანის წინააღმდეგ გარკვეულ აგრესიას - არ ვიცით, როგორს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყო, ნებისმიერი სხვა ფორმა შედეგის გარეშე იქნება. ირანი ვენესუელა არ არის. ის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოა, ძალიან მყარი ნაციით. ნაცია მონოლითური ერია, სადაც საზოგადოება ხშირად პროტესტს გამოთქვამს. ირანი არის საკმაოდ ჭრელი, მაგრამ მონოლითური და საუკუნეების განმავლობაში შედუღაბებული. ასე რომ, იქ ნებისმიერი გარედან ჩარევა უფრო ხშირად კრავს ნაციას, ვიდრე შლის მას.
იმის მიუხედავად, რომ ირანში ხშირად არის გამოსვლები, ეს მოვლენა სრულიად უნიკალურია - ასეთ სისხლიანსა და მასშტაბურს ბოლო 20-30 წლის მანძილზე პირველად ვხედავთ.
ავტორიტარული მმართველები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და თავისუფლებას არაფრად აგდებენ და ინახავენ როგორც კონსერვს ციხეებში, რათა როცა დასჭირდებათ, მაშინ გაყიდონ. ასე იქცევა “ქართული ოცნება“, რომელიც პატიმრებს აგროვებს, რათა მერე რაღაც მომენტში გაათავისუფლოს, ამით რეჟიმი შეინარჩუნოს და უპირატესობები მოიპოვოს. დაახლოებით ეს ხდება ახალ ირანში, მაგრამ იქ ფასი ბევრად მძიმე და საშინელია - ათასობით ადამიანის სიკვდილზეა ლაპარაკი.
ირანი არ არის არც ვენესუელა, არც ბელარუსი. ირანში ძალიან ძლიერი ნაციაა და იქ რეჟიმის შეცვლა მხოლოდ ირანელი ხალხის მეშვეობით შეიძლება მოხდეს, როგორც ეს 1979 წელს ისლამური რევოლუციის დროს მოხდა. მაშინ შაჰის ჩამოგდება მხოლოდ ირანელმა ხალხმა მოახერხა და ვერავინ სხვამ. ვერანაირი აშშ-ი, ისრაელი, რუსეთი თუ ჩინეთი ვერ მოახერხებს ირანის რეჟიმის შეცვლას, თუ ეს ხალხმა არ მოინდომა.
ირანი ჩრდილოეთ კორეა არ არის, რომელიც ჭურშია გამოკეტილი და არ იციან, რა ხდება გარეთ. ირანელმა ხალხმა იცის, რა არის დასავლეთი, ირანის საზღვრები ღიაა, მოგზაურობენ მსოფლიოში. მათ კარგად იციან, თუ რა არის დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული რესპუბლიკური მმართველობა.