მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს - Palitra News

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

2026-01-15 14:16:02+04:00

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი წლიდან წლამდე ეცემა, თუმცა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მაღალი ზრდა მაინც გვაქვს. მსოფლიო ბანკმა Global Economic Prospects-ში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2025 წლის 7%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შეამცირა, ხოლო 2027 წლის პროგნოზი კიდევ უფრო მეტად, ანუ 5%-მდე არის დაყვანილი. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკი წელს ეკონომიკის ზრდის 3.3%-მდე, ხოლო 2027 წელს 3.1%-მდე შენელებას ელოდება. კერძოდ, ბანკის პროგნოზით, საქართველოსა და სომხეთში კერძო მოხმარება შემცირდება, რადგან მაღალი საბაზისო დონიდან ეკონომიკური აქტივობა ნორმალიზდება. ფულადი გზავნილებისა და საექსპორტო შემოსავლების შემცირება მიმდინარე ანგარიშებზე უარყოფითად აისახება. აზერბაიჯანში ნახშირწყალბადების წარმოებისა და ნავთობზე გლობალური ფასების შემცირების, ასევე, უფრო მკაცრი ფისკალური პოზიციის შედეგად, ეკონომიკური აქტივობა შეიზღუდება. ამასთან, ბანკი ელოდება, რომ 2025 წლის აგვისტოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას გაამყარებს და ინტეგრაციას გააღრმავებს. რაც შეეხება მეზობლების მაჩვენებლებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აზერბაიჯანის შარშანდელი 1.9%-იანი ეკონომიკური ზრდა წელს 1.8%-მდე, ხოლო 2027 წელს 1.7%-მდე შემცირდება. ასევე, სომხეთში 2025 წლის 5.2%-იანი ზრდის მაჩვენებელი წელს 4.9%-მდე, ხოლო მომავალ წელს 4.7%-მდე დაეცემა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2024 წლის 4.3%-იანი ზრდიდან გასულ წელს 0.9%-მდე დაეცა, ვარდნა წელსაც გაგრძელდება და 0.8%-მდე დავა. 2027 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უმნიშვნელოდ, მხოლოდ 1.0%-მდე არის გაუმჯობესებული. მართალია, თურქეთის ეკონომიკა 2023 წლის 5.0%-იანი ზრდიდან 2024 წელს 3.3%-მდე შემცირდა, თუმცა მას შემდეგ იზრდება და 2025 წლის 3.5%-იანი მაჩვენებლიდან წელს 3.7%-მდე, ხოლო მომავალ წელს 4.4%-მდე გაიზრდება. ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.6%-მდე გაზარდა, მაშინ, როცა ივნისში 2.3%-იან ზრდას პროგნოზირებდა.