საქართველოში პლასტიკის მოხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ იზღუდება - Palitra News

საქართველოში პლასტიკის მოხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ იზღუდება

2026-01-15 14:16:54+04:00

საქართველოში პლასტიკის მოხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ იზღუდება. 1-ელი აპრილიდან კიდევ ერთი რეგულაცია შედის ძალაში. კერძოდ, აიკრძალება პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმელის შეძენა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ. როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში განმართავენ, განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის. ცნობისთვის, 2026 წლის პირველი იანვრიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია უკვე აკრძალულია. თუმცა, დადგენილება ითვალისწინებს ერთგვარ გარდამავალ პერიოდს და პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, რომლებიც ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდეა განთავსებული, დასაშვებია ბაზარზე იყოს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში - ანუ 1 აპრილამდე.