აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საიმიგრაციო ვიზების გაცემას 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დროებით აჩერებს. შეზღუდვა შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლას გეგმავენ. ამასთან, გადაწყვეტილება არ ვრცელდება მოკლევადიან ვიზებზე, როგორებიცაა დროებით დასაქმება, სტუდენტური, ტურისტული და მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ვიზები. მედიაში უკვე გავრცელდა იმ ქვეყნების სრული სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ ვიზებს აღარ გასცემს - ამ ქვეყნების ჩამონათვალშია საქართველოც. სიაში არიან ასევე რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. დადგენილება ძალაში 21 იანვრიდან შევა და გაგრძელდება იქამდე, სანამ უწყება ვიზების გაცემის პროცესს ხელახლა არ შეაფასებს. „ფოქს ნიუსი“ წერს, რომ გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც, სავარაუდოდ, “საზოგადოებრივი ტვირთი” გახდებიან და სახელმწიფოზე იქნებიან დამოკიდებულნი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ 2024 წელს 612 258 საიმიგრაციო ვიზა გასცა, რაც 2023 წელთან შედარებით 8.8%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ გაცემული საიმიგრაციო ვიზების რაოდენობა ბოლო ხუთ წელში 2.5-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს, 2020-2024 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეებზე ჯამში 6 570 საიმიგრაციო ვიზა გასცა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში გაცემული საიმიგრაციო ვიზების რაოდენობა ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა.