„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს.
„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ის. საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.
ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან. BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ.
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულმა ჯერ უნდა მიმართოს თავად მედიას, რაც ჩვენ ჩვენი გუშინდელი საჩივრით გავაკეთეთ. თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს. საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.